წონაში უეცარი კლების მიზეზები

წონაში მატების საკითხებზე, დიეტოთერაპიების სარგებელსა და მავნეობაზე ვისაუბრეთ წინა ბლოგ-პოსტებში, თუმცა ახლა დროა წონის კლების შესაძლო მიზეზებიც განვიხილოთ. ჩვენ, ექიმებს არც თუ ისე იშვიათად გვხვდება პაციენტები, წონის მატების სურვილით.

წონის მატების მცდელობა წონის კლების მცდელობაზე მარტივი როდია?!  წონის უეცარი, არამიზნობრივი კლება, მითუმეტეს ნორმალური კვების ფონზე, ჩვენს ყურადღებას ცალსახად იპყრობს. სხვა შემთხვევაში, მიზნობრივი და სასურველი წონის კლება ცხადია მხოლოდ დადებით ემოციებს გვგვრის.

მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო სწორედ  წონის უეცარ კლებაზე. უკანასკნელი  კვლევების მონაცემებით ცნობილია , რომ წონის ამგვარი კლება 15-20% -ში უკავშირდება ონკოლოგიურ პათოლოგიებს, მიზეზთაგან 20-20% იკავებს  კუჭ-ნაწლავის სისტემის არასიმსივნური პათოლოგიები და ფსიქიური დაავადებები, ამდენივე ენდოკრინული მიზეზებითაა გამოწვეული, დანარჩენი კი უცნობი ეტიოლოგიის გახლავთ.

ენდოკრინოპათიებიდან მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზები :

ჰიპერთირეოზი– ჩვენ უკვე არაერთგზის ვისაუბრეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ მდგომარეობაზე.  გააქტიურებული ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება წონაში კლებაა.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მისი დეკომპენსაციური ფაზის დროს– აღნიშნული მდგომარეობისას, პირველ შემთხვევაში ინსულინი საერთოდ აღარ გამომუშავდება , ხოლო მეორე მდგომარეობისას, თუ კი ეს ჰორმონი ჯერ კიდევ გამომუშავდება, მხოლოდ ძალიან მცირედ. ინსულინის არარსებობა კი ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას ანუ ლიპოლიზს და მაშასადამე წონაში კლებას იწვევს.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებიდან წონაში კლებას შესაძლოა უკავშირდებოდეს ისინი, რომლებიც საკვების არასრულფასოვან ათვისებას გულისხმობს, მაგალითად კუჭის წყლული/ ეროზია, მალაბსორბციული დაავადება (ცელიაკია), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

წონაში უეცარი და მნიშნელოვანი კლების მორიგი მიზეზი , როგორც აღვნიშნეთ სიმსივნური დაავადებებიც შესაძლოა იყოს. (განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის, ფილტვის, თირკმლის, სისხლმბადი ორგანოების, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) სიმსივნური დაავადებები). დადასტურებულია, რომ ანორექსია (უმადობა) და შესაბამისად წონაში კლება ონკოლოგიურ პაციენტების 15- 30%-ს ახასიათებს. ამგვარ მდგომარეობას ონკოლოგები სიმსივნურ კახექსიას უწოდებენ, იგი კუნთოვანი განლევით ხასიათდება.

ფსიქიური დაავადადებებიდან კი წონაში კლებას დეპრესია, ბიპოლარული დაავადება და კვებითი აშლილობები იწვევენ.

წონაში უეცარი კლება სხვადასხვა ქრონიკული ინფექციური დაავადებების არსებობასაც უკავშირდება (c ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და ჰელმინთოზები ანუ ე.წ ჭიებით დასნებოვნება).

ცხადია, წონაში უეცარი კლება შესაძლოა არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზს არ უკავშირდებოდეს.  სტრესი, რთული სამუშაო რეჟიმი, საკვების მიღების დღის განრიგიდან ამოგდება, არაბალანსირებული კვება,  ზედმეტი ვარჯიში თამამად გვევლინება წონაში უეცარი  კლების მიზეზებად. ამრიგად, ნუ დავფრთხებით! წონაში უეცარი კლება ზემოთ აღნიშნული დაავადებების მხოლოდ რიგით ნიშანს წარმოადგენს და ამგვარი მდგომარეობის გამოძიება ცალსახად სჯობს მკურნალ ექიმს მივანდოთ. პრინციპული მნიშვნელობა პაციენტის გენეტიკურ და მედიკამენტოზურ ანამნეზსაც აქვს.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

2 კომენტარი

  1. გამარჯობათ,ბიძაჩემი არის ძალიან ცუდად 40 კილოა,ვერ დადის მარჯვენა ხელი აქვს გაჩერებული და სიარულიც უჭირს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

63 + = 68