ჭარბი ოფლიანობის მიზეზები

ოფლის გამოყოფა ცხადია ფიზიოლოგიურია, ამ პროცესზე გარემოს მაღალი ტემპერატურა და სტრესი საკმაოდ წარმატებით ახდენენ ზეგავლენას, თუმცა არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში ჭარბი ოფლდენა შესაძლოა ნივთიერებათა და ჰორმონული ცვლის  დარღვევებთან იყოს პირდაპირ კავშირში. ოფლდენა გვეხმარება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც ყოველდღიურად კანქვეშ გროვდება, თუმცა ჭარბოფლიანობა განსაკუთრებით ზაფხულში,  დისკომფორტს უთუოდ იწვევს.

სხვათა შორის, ჩვენ ორი ტიპის საოფლე ჯირკვალი გვაქვს:

ეკრინული– ისინი მთელ სხეულზეა განფენილი, მათგან გამოყოფილი ოფლი უსუნოა.

აპოკრინული– რომელიც მდებარეობს თავის თმიანი საფარველის ნაწილსა და იღლიაში. მათგან გამოყოფილი ოფლი მცირედ ცხიმოვანია და სპეციფიკური სუნისაა. ამგვარი სუნის ბრალეულობა კანზე მცხოვრებ ბაქტერიას ეკუთვნის.

პირველადი (ფოკალური) ოფლდენა, ძირითადად ხელის გულებს, ფეხის გულებსა და იღლიის არეში ვლინდება, რადგან სწორედ აქაა განთავსებული ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი. ხშირად ასეთი ოფლდენა იდიოპათიურია ანუ  არ გააჩნია კონკრეტული მიზეზი. ასეთი სახის ოფლიანობა, როგორც წესი, ვეგეტოდისტონიური კრიზების (საზოგადოებაში ცნობილი, როგორც „ნევროზი“) თანმდევი მოვლენაა.

მეორადი (გენერალიზებული) ოფლდენა მთელ სხეულს მოიცავს და შესაძლოა პათოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს.

მე, როგორც ენდოკრინოლოგიურ სფეროში მომუშავე მეტწილად ყურადღებას ოფლიანობის ენდოკრინულ მიზეზებზე გავამახვილებ. მაშ ასე:

ჭარბი ოფლიანობა, როგორც სიმპტომი თან ახლავს შემდეგს:

  • თირეოტოქსიკოზი

როგორც მოგეხსენებათ, თირეოტოქსიკოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულად მუშაობს და გამოიმუშავებს ჰორმონებს. ცხადია, ოფლიანობის გარდა ამ მდგომარეობას გულის ცემის გახშირება, ემოციური ლაბილობა, შესაძლოა ორბიტოპათია და სხვა კლინიკური ნიშნები ახასიათებს, თუმცა თუ კი ამ ნიშნებთან ერთად ოფლიანობაც გაქვთ, კარგი იქნება თუ კი მიმართავთ ენდოკრინოლოგს.

  • D ვიტამინის დეფიციტი

შესაძლოა, გაგიჩნდეთ ლოგიკური აზრი, რომ თითქოს ყველა გზას D ვიტამინის უკმარისობამდე მივყავართ და რომ საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ რას ვიზამთ?! მთელი რიგი კვლევები ამტკიცებს, რომ ოფლდენის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა კალციუმის მეგობარ ამ ვიტამინს დავაბრალოთ.

  • ჭარბი წონა, სიმსუქნე

დიახ,მთელ რიგ კლინიკურ მახასიათებლებთან და გართულებებთან ერთად, სიმსუქნის არასასიმოვნო მეგზური ოფლიანობაცაა.

  • ჰიპოგლიკემია

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კარგად იციან, თუ როგორი ვერაგი მდგომარეობაა ჰიპოგლიკემია.   კეფის არეში ოფლიანობა ასეთი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. გვახსოვდეს, რომ ჰიპოგლიკემიის დროს, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად ვიზრუნოთ, მდგომარეობის გამოსწორებაზე.

  • მენოპაუზა

ოფლიანობა და „ალები“ მენოპაუზისა თუ პერიმენოპაუზის თანამგზავრია ქალთა 75%-ში. ამ შემთხვევაში, ოფლიანობასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან მისი მიზეზი ესტროგენის დაბალ მაჩვენებლს უნდა დავუკავშირდოთ. ესტროგენის დაბალი მაჩვენებელი კი არის კიდეც მენოპაუზის ქვაკუთხედი.

 

ამრიგად, თქვენ უკვე იცით, თუ რა შეიძლება იყოს ოფლდენის გამომწვევი შესაძლო მიზეზები. ცხადია, ეს სულაც არ წარმოადგენს მიზეზთა სრულ სიას.

აღსანიშნავია, რომ სხვა ეტიოლოგიის ჭარბი ოფლდენა  რიგ ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს (მაგ. ჰოჯკინის ლიმფომა), ინფექციურ სნეულებებს შესაძლოა უკავშირდებოდეს. ნუ დავფრთხებით, ოფლიანობა ამ ტიპის დაავადებათა მხოლოდ არასპეციფიკური გამოვლინებაა, როგორც მაგალითად საერთო სისუსტე.  მედიკამენტოზური ოფლდენის გამომწვევთა რიგებს კი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები იკავებენ. საკვებიდან კი კოფეინის შემცველი სასმელი და ცხარე საკვები, ამ მხრივ, პირველობას არავის უთმობს.

ამრიგად, თუ კი ფიქრობთ, რომ შესაძლოა თქვენი ჭარბი ოფლიანობა კონკრეტულ მდგომარეობას უკავშირდებოდეს ან გიფუჭებთ ცხოვრების ხარისხს, უპრიანი იქნება თუ კი მოისმენთ ენდოკრინოლოგის, თერაპევტის თუ სხვა დარგის სპეციალისტის აზრს.

ნაკლებ ოფლიანობას გისურვებთ!

6 კომენტარი

  1. მოგესალმებით
    დიაბეტიანი ვარ ეხლა აღმოვაჩინე. ოფლიანობა მაწუხებს. როცა ფიზიკურად დავტვირთავ თავს მაშინ უფრო. რა ანალიზი გავიკეთო მიახლოებით რომ გავიგო მიზეზი და რა წამალი მივიღო.შეღავათი რომ ვიგრძნო. მადლობა წინასწარ

    1. გამარჯობა, ქ-ნო თამარ, ოფლიანობის მიზეზი მრავალი შეიძლება გახლდეთ, როგორც ბლოგში მიწერია ეს გახლავთ როგორც D ვიტამინიდან გამომდინარე, ისევე მენოპაუზისთვის დამახასითებელი კლასიკური სიმპტომი.დიაბეტით თუ ხარ ავად, მაშინ შესაძლოა ოფლიანობა მცირე ჰიპოგლიკემიის ბრალიც გახლდეთ.
      თუმცა, მე თქვენს კითხვაზე გამიჭირდება სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ, რადგან არ ვიცი თქვენი ასაკი, წონა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები, რაც როგორც ექიმს მაინტერესებს. სიამოვნებით დაგეხმარებით ანალიზების გეგმის შედგენაში ,თუმცა ცალსახად აჯობებს, რომ დამირეკოთ ნომერზე 557317088 და გავისაუბროთ ამ თემაზე.

  2. გამარჯობა. ჩემს მეუღლეს აწუხებს ოფლიანობა ღამით. რომელი სფეროს ექიმს უნდა მივმართოთ რომ დავადგინოთ ამის გამომწვევი მიზეზი? გმადლობთ

  3. ვარ 18 წლის, ძილში ოფლიანობას რა იწვევს? ბავშვობიდან მაქ 11 წლიდან თითქმის, tsh da ft4 ნორმაშია

    1. გამარჯობა მედეა, ოფლიანობის მიზეზი ძალიან ბევრია. დაწყებული ანემიით, დასრულებული ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით. იგი დამახასიათებელია მრავალი სხვა დაავადებისთვის, ამრიგად მხოლოდ ამ ინფორმაციით გამიჭირდება კონკრეტული პასუხი გაგცეთ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 557317088

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

58 + = 63