რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინი K-ს შესახებ?

ბოლო დროს, ვიტამინი K უფრო და უფრო მზარდი “პოპულარულით” სარგებლობს. უფრო სწორად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან აქტუალური  ხდება მისი პრეპარატის სახით წარმოება, ხოლო პაციენტების მხრიდან კი- მის მიმართ ინტერესი,  (მას ხშირ შემთხვევაში ვიტამინ D-სთან კომბინაციაში ერთიან პრეპარატად ფუთავენ), თორემ ვიტამინი K-ს თაობაზე გასულ საუკუნეშიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობდნენ და საუბრობდნენ.

ვიტამინ K-ს ბევრი სარგებელი აქვს, შესაძლოა მალე თავისი პოპულარობით თვით ვიტამინ D-ს გაუტოლდეს.

ვიტამინ K ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობას იღებს სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი ცილის- პროთრომბინის წარმოებაში.

K1 ძირითადად მწვანე მცენარეებში გვხვდება , ესენია სალათის ფურცელი, ხუჭუჭა კომბოსტო, ოხრახუში, ისპანახი, ჩარდი ანუ ფოთლოვანი ჭარხალი.

K2 კი ძირითადად ცხოველურ, გადამუშავებულ საკვებშია.

 

ვიტამინი K შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან და ინახება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში.

მაშ ასე, რა სარგებელი მოაქვს მას?

   1. ვიტამინი K ძვლოვანი ქსოვილის მეგობარია

მართალია, ჯერ ფართომაშტაბური  კვლევები  ხელაღებით ვერაფერს ამტკიცებენ, თუმცა პატარა კვლევები  ამბობენ, რომ ვიტამინ K-ს გარკვეული წვლილი მიუძღვის ძვლის მაღალი სიმკვრივისა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ვიტამინი D-სა და კალციუმის სწორ ცვლას ორგანიზმში. ამრიგად, ჯერჯერობით რაც ვიცით არის ის, რომ იგი ძვლის ჯანსაღი მეტაბოლიზმის ასისტენტის როლს  ირგებს. ასევე,  დანამდვილებით ვიცით ისიც, რომ   ვიტამინი K-ს გარეშე ოსტეობლასტები (ძვლის წარმოებაზე პასუხიმსგებელი უჯრედები) ვერ შექმნიან  ცილა ოსტეოკალცინს, რომელიც  ძვლის მინერალიზაციის შენარჩუნებასა და კალციუმის ცვლაში დიდ როლს თამაშობს.

     2. ვიტამინი K და მეხსიერება

აღმოჩნდა, რომ ვიტამინი K   მნიშვნელოვან კოგნიტიურ ფუნქციას-მეხსიერებას ძალიან ეხმარება, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში. ეს ერთ-ერთმა კანადურმა კვლევამაც დაამტკიცა. >70 წლის პირებს, რომლებსაც ვიტამინი k-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ, მეხსიერებაც ყველაზე კარგი ჰქონდათ. (დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ)

   3. ვიტამინი K და გულ-სისხლძარღვთა სისტემა

როგორც ცნობილია, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლძარღვების კედელში მინერალების დალექვის ალბათობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგები, მაგალითად ინსულტი. ვიტამინი K-ს კი გარკვეული როლი მიუძღვის სისხლძარღვთა  ამგვარი პათოლოგიური მინერალიზაციისა და შემდგომი მოვლენების თავიდან აცილებაში.

ვიტამინი K-ს უკმარისობა განსაკუთრებულ საშიშროებას ახალშობილებში წარმოადგენს, მათ ორგანიზმში ამ ვიტამინისა და შესაბამისად, პროთრომბინის დეფიციტი ფატალურ მოვლენას -ტვინშიდა სისხლდენას იწვევს. ზრდასრულებში  კი ვიტამინის უკმარისობის მნიშვნელობაზე  ახლა საკმაოდ აქტიურად საუბრობენ, მართალია ზრდასრულებში ეს მოვლენა, ახალშობილებისგან განსხვავებით, არაფატალურია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი! დაველოდოთ დიდი კვლევების შედეგებს.

    გაფრთხილება!

ნუ მიიღებთ ვიტამინ K-ს,პრეპარატის სახით, ექიმის დაუკითხავად. რადგან მისმა ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ტოქსიურობა გამოიწვიოს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ცუდი ურთიერთქმედება ვიტამინ K-სა და რამდენიმე მედიკამენტს შორის, ესენია : სისხლის გამათხიერებელი- ვარფარინი, კრუნჩხვის საწინააღდეგო საშუალებები (მაგ.დილანტინი) და სხვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

65 − 55 =