რა არის შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებები?

ჩვენამდე, ენდოკრინოლოგებამდე, ბევრი ისეთი პაციენტი აღწევს, რომელსაც წონაში დაკლება სურს. ეს ხომ ბუნებრივია, თეორიულად ყველას სურს ზედმეტ კილოგრამებთან გამომშვიდობება, თუმცა საქმე როდესაც დიეტაზე მიდგება ბევრი ჩვენგანი სრულიად არაადექვატური ხდება და  დამაზიანებელ დიეტებს მიმართავს, როგორც ჩემს ბლოგში არა ერთხელ მიხსენებია.

არიან ისინიც, ვისაც გულწრფელად უნდა წონაში კლება, გვემორჩილებიან ძალიან მარტივად, თუმცა აღნიშნავენ : “ექიმო, მე ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია”, ეს თქვენ კი არ შეგიძლიათ ტკბილის გარეშე ცხოვრება, არამედ თქვენს ზედმეტ ინსულინს, რომელიც პერიფერიული ორგანოების მიერ არაა სათანადოდ შეთვისებული  და სისხლში ცირკულირების დროს გთხოვთ, რომ დამატებით მიაწოდოთ მარტივად მონელებადი ნახშირწყალი, მაგალითად ტკბილი.

მოკლედ, ასეთ პაციენტებს დღის პირველ ნახევარში თამამად ვუნიშნავთ 25-30 გრამ შავ შოკოლადს.

კაკაოს 70-80 პროცენტის შემცველი  შავი შოკოლადის ეს მოცულობა დაახლოებით 200 კკალორიას წარმოადგენს.  ის გვეხმარება ტკბილისადმი მოთხოვნილების დაოკებაში, რაც მთავარია, მისი ზომიერი მოხმარება  დიეტოთერაპიის დროს  წონის კლებასაც უთუოდ ეხმარება.  თუმცა შავ შოკოლადს სხვა უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და მათი ქვემოთ წაკითხვის შემდეგ, ალბათ, მას კიდევ უფრო სხვა თვალით შეხედავთ:

  1. ანტიოქსიდანტური თვისება

ჩემს ბლოგში მე ხშირად მიწევს ტერმინი “ანტიოქსიდანტის” ხსენება. ისინი თავისუფალ რადიკალებსა და ოქსიდაციულ სტრესს ებრძვის. რაც მეტად ხდება ოქსიდაციური სტრესი , მით უფრო მალე ბერდება ორგანიზმი, თუმცა ამას გარდა ჩვენი მტერი   – თავისუფალი რადიკალები სხვადასხვა პათოლოგიური მოვლენებისა თუ დაავადების გამოვლენის ( განსაკუთრებით ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების) ალბათობას ზრდიან. რაც მეტი კეთილი ანტიქოსიდანტი იქნება ორგანიზმში, მით მეტად გვაქვს შანსი ხელი შევუშალოთ ვერაგი ანტიოქსიდანტების “გაპარპაშებას”. შავი შოკოლადი ასეთ მეგობარ ანტიოქსიდანტებს- “ფლავანოლსა” და “პოლიფენოლს” შეიცავს. გარდა ამისა, ნამდვილი შავი შოკოლადი მინერალებს: რკინას, თუთიასა და მაგნიუმსაც შეიცავს.

    2. წნევის დამწევი თვისება

ლოგიკურად რომ გავყვეთ, სწორედ ზემოთ აღნიშნული ფლავანოლის დამსახურებით გამომუშავდება აზოტის მჟავა, რომელსაც წნევის დამწევი ფუნქცია გააჩნია. ცხადია, ამ განცხადებას კლინიკური დაკვირვებები უდევს საფუძვლად, რომლის თანახმადაც  შავი შოკოლადის წნევის დამწევი თვისება უფრო მეტწილად >50 წლის მქონე პირებზე ვრცელდება (დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ )

   3. ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება

აღმოჩნდა, რომ შავი შოკოლადის მოხმარება ასევე ხელს უწყობს თავის ტვინის ე.წ “ნეიროპლასტიკურობას”, ეს ტვინის განსაკუთებული რეაქციაა, რომელიც  თავის მხრივ ნეიორებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისა და ტვინის ზოგად კოგნიტიურ თვისებებს მნიშვნელოვლად აუმჯობესებს. ვარაუდობენ, რომ შავი შოკოლადი ალცჰაიმერის დაავადების პრევენციის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია.

    4. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

რა არის ანთება? იგი გახლავთ ორგანიზმის იმუნური სისტემის საპასუხო  რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე (გამღიზიანებელი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ისევე გარეგანი ფაქტორი). ჩვენს შორის ბევრი ადამიანია რომელიმე ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის ქრონიკული ანთებით. ფაქტია, რომ ქრონიკული ანთება ერთგვარ “ყვითელ ბარათს” წარმოადგენს უფრო მავნე დაავადებების განვითარებამდე, მაგალითად სიმსივნეების გარკვეული ტიპი,  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და სხვა.

2018 წელს ჩატარებული ერთ-ერთმა მცირე კვლევამ  შავი შოკოლადის მხრიდან ანთებითი ბიომარკერების შემცირების თვისება გამოავლინა, რამაც თავის მხრივ   ანთებითი მდგომარეობის შესუსტებაზე მიუთითა (დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ). აღნიშნული კვლევა შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის  მქონე პაციენტებში ჩატარდა.

    ფრთხილად!

მართალია ჩემი ბლოგპოსტის მიზანია შავი შოკოლადის დადებით მხარეებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა არ იქნება სწორი ორი სიტყვა მის უარყოფით თვისებებსაც არ შევაწიოთ 🙂

მოკლედ, იმედია შავი შოკოლადის სარგებლის შესახებ წაკითხვისთანავე არ გადავინაცვლებთ მის დაოუკობელ მირთმევამდე. არ დავივიწყოთ, რომ ზომიერი ულუფა სწორი კვების ქვაკუთხედია.

დაიმახსოვრეთ, რომ სასურველია არ გადააჭარბოთ სულ მცირე 70-%იანი შავი შოკოლადის 30 გრამს !

შავი შოკოლადი მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც  შეიცავს იმ მავნე ნივთიერებებს/ პროდუქტს, როგორიცაა: კაკაოს კარაქს, სხვა ნაჯერ (მავნე) ცხიმებსა და შაქარს.

შავი შოკოლადი ნამდვილად ჯანსაღი პროდუქტია, თუ კი დიეტაზე ბრძანდებით, სასურველია თქვენი მხრიდან შოკოლადის მიმართ სიყვარულზე გულახდილად ისაუბროთ თქვენს ექიმ- ნუტრიციოლოგთან ან ექიმ-ენდოკრინოლოგთან <3

ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს, თუმცა ისევ და ისევ ზომიერების ფარგლებში!

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

59 + = 65