გულის ფრიალის რამდენიმე მიზეზი

გულის ფრიალი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია, რის გამოც შეშინებული პაციენტი კარდიოლოგს მიმართავს.  გულის ფრიალი და ტაქიკარდია თუ კი  გულისა თუ სისხლძარღვის არასწორი/არასულფასოვანი მუშაობის (გულის სარქვლის ან კუნთის პრობლემა, კორონარული სისხლძარღვების დაავადება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია  და სხვა)  გამოძახილია  , რა თქმა უნდა ამაზე პროფესიონალი კარდიოლოგი ზრუნავს.

თუმცა,  ასეთი სიმპტომის მქონე პაციენტებს არაიშვიათად ენდოკრინოლოგიურ კლინიკებშიც ვხვდებით. ხშირად, გულის ფრიალი სხვა ისეთ სიმპტომებთან ერთად ვლინდება, როგორიცაა უჰაერობა, მცირე თავბრუსხვევა , ოფლიანობა და სხვა. ამრიგად, მნიშვნელოვანია გულის ფრიალის  ენდოკრინული მიზეზებიც დროულად გამოვიკვლიოთ, რადგან ის ნამდვილად ახდენს გავლენას ცხოვრების ხარისხზე და იწვევს  დისკომფორტს.

მოგეხსენებათ, რომ ენდოკრინოლოგია  ჰორმონთა და ნივთიერებათა ცვლას შეისწავლის, გულის ფრიალის შემთხვევაში ენდოკრინოლოგიური  მიზეზებიდან ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მათგანზე :

  1. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ანუ თირეოპათია

რადგან ჩვენს ქვეყანაში მრავალ ადამიანს აღენიშნება  ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული სახის პრობლემა, პაციენტებმა კარგად იციან, რომ გულის ფრიალი ხშირად  გარკვეულ თირეოპათიას უკავშირდება, ამიტომ ხშირად ექიმთან დაუკითხავადაც კი აკითხავენ ლაბორატორიებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად (რაც სწორი არაა).

შეგახსენებთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი  და მისგან გადმოსროლილი ჰორმონები :FT4, FT3 პასუხს აგებენ მრავალ პროცესებზე, ესენია: ნივთიერებათა ცვლა, ზრდა-განვითარება, ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, გულს-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა და სხვა.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ანუ ჰიპერთირეოზის დროს ხშირად ვლინდება ტაქიკარდია, რომელიც აუცილებლად დროულად უნდა იქნას მართული ენდოკრინოლოგისა და კარდიოლოგის ერთობლივი ძალისხმევით.თუმცა ხშირად  გულის ფრიალს მისი საპიროსპირო მდგომარეობის, ჰიპოთირეოზის დროსაც ვხვდებით.

2.ელექტროლიტები და წყალი

ისეთი მნიშვნელოვანი ელექტროლიტები, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი ფრიად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გულის სწორ მუშაობაში, (შეკუმშვის სიხშირე, სიძლიერე და სხვა). ამრიგად, ზოგჯერ გულის ფრიალის მიზეზი სწორედ აქ იმალება (ხშირად ახალგაზრდებში).

ამრიგად, თუ კი გამორიცხულია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და კარდიოლოგიური მიზეზები, კარგი იქნება, ექიმთან შეთანხმებით,  ელექტროლიტებსაც თუ გამოვიკვლევთ.

ხშირად ის, ვინც დიდი რაოდენობით წყალს იღებს და შესაბამისს შარდავს, ზრდის კალიუმისა და მაგნიუმის ორგანიზმიდან გამორეცხვის შანსსაც, რასაც გულის მსუბუქი ფრიალი მოჰყვება ხოლმე.

მეორე მხრივ კი, წყლის არმიღება და დეჰიდრატაცია დაბალ წნევასა და   გულის ფრიალს იწვევს. რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ზომიერება წყლის მირთმევის დროსაც კი უნდა გამოვიჩინოთ.

3. ჰიპოგლიკემია

გლუკოზის მაჩვენებლის დაცემა ანუ ჰიპოგლიკემია არამხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ვლინდება. შესაძლოა, იგი კვების გამოტოვების ან ზედმეტად ბევრი ვარჯიშის შემთხვევაში გამოვლინდეს. ამ დროს ვლიდენდება აგზნებულობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა. მათ გვერდითაა გულის ფრიალიც. ამრიგად მნიშვნელოვანია, დროულად დავრწმუნდეთ რომ ჰიპოგლიკემიას არ განვიცდით და თუ ასეა, დროულად მივირთვათ.

  1. გარკვეული საკვების/ნივთიერებების მირთმევა

მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ  ჭარბი ნახშირწყლების, ნატრიუმისა და მონოსოდიუმ გლუტამატის შემცველი საკვების უეცარმა მიღებამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი გულის ფრიალი. საუბარია ზედმეტად ტკბილ, მარილიან, მწარე საკვებზე. ასევე, არახალია, რომ კოფეინი და ალკოჰოლიც გულის ფრიალის მეგობარია.

  1. რემენსტრუალური პერიოდი და მენოპაუზა

გვიან ლუთეინურ ფაზასა და მენოპაუზაში  ესტროგენის მაჩვენებელი ქვეითდება და სიმპატომიმეთიკური აქტივობა იზრდება, შედეგად კი შესაძლოა,  გულის ფრიალი გამოვლინდეს. თუმცა, ეს საგანგაშო სრულებით არაა.

ფრიად მნიშვენლოვანია, დავიცვათ ექიმის დანიშნულება და საჭიროებისამებრ, გულის ფრიალის წინააღმდეგ გამოვიყენოთ კლასიკური მეთოდები (ბეტაბლოკერები, მცენარეული თუ სხვა ტიპის დამამშვიდებლები, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული მედიკამენტები და სხვა).

თუმცა რა თქმა უნდა ამას გარდა, არსებობს  ჯანსაღი ხრიკებიც, რომელიც, სულ მცირე, არ დაგვაზიანებს ამ დროს. მათ ექიმებიც მივესალმებით.

ამაზე, სხვა ბლოგპოსტში ვისაუბრებ..

მშვიდ გულს გისურვებთ!

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

26 − 18 =