და მაინც, რა არის ბულიმია?

დღევანდელ ბლოგში მინდა, შევეხო ერთ საკმაოდ აქტუალურ თემას- „ბულიმია“.  ბულიმია საკმაოდ ხშირი და ფარულად მიმდინარე კვებითი აშლილობაა, რომლის არსებობასაც  ბულიმიით დაავადებული ბევრი პაციენტი არც კი აღიარებს. აშშ-ში საკმაოდ ბევრს საუბრობენ კვებით აშლილობებზე. ამ თემას  სხვადასხვა ჰოლივუდური ფილმისა და წიგნის სიუჟეტი ეძღვნება.

ვფიქრობ, ბულიმიაზე ცნობიერების ამაღლება და საუბარი არც საქარველოში არის ურიგო, ამ საკითხზე ჩვენს მკითხველს უფრო ნათლად ფსიქოლოგი გაესაუბრებოდა, ამიტომ დღეს ბლოგის სტუმართან, კვების აშლილობებზე მომუშავე ფსიქოლოგთან, ნუცა ჩაჩიბაიასთან მექნება რამდენიმე კითხვა.

 – ნუცა, ხშირად პაციენტები  ბულიმიას აიგივებენ უბრალოდ არაჯანსაღ კვებასთან, შეგიძლიათ  განგვიმარტოთ რა არის ბულიმია? რა სიმპტომები ახასიათებს მას?

Bulimia Nervosa არის ფსიქოლოგიური, სიცოცხლისათვის საშიში კვებითი დარღვევა, რომლის დროსაც პაციენტი იღებს დიდი რაოდენობით საკვებს ხანმოკლე პერიოდში და სრულებით კარგავს კონტროლს საკუთარ კვების ქცევაზე, რის შემდეგაც ცდილობს განთავისუფლდეს ზედმეტი ათვისებული  კალორიებისაგან. ამ მიზნით ისინი იწვევენ ხელოვნურად პირღებინებას ან მიმართავენ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს. ამას ჩვენ „გაწმენდის რიტუალს“ ვუწოდებთ.

თუ კი ეს რიტუალი კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც  მეორდება, ხოლო თავად პაციენტის თვითშეფასება დამოკიდებულია მის სხეულსა და წონაზე, მაშინ  საქმე გვაქვს ბულიმიასთან.

პაციენტებს აღენიშნებათ წონის მომატების შიში, კვებაზე კონტროლის დაკარგვის გრძნობა, უკონტროლო ჭამის ეპიზოდები და ეპიზოდებს შორის მკაცრი დიეტები, გადამეტებული ფიქრი წონაზე და სხეულზე, რის შედეგადაც ქვეითდება კონცენტრაციის უნარი, შარდმდენებისა და საფაღარათო საშუალებების  ხშირი და არამიზნობრივი მიღება.

განასხვავებენ ბულიმიის ორ ტიპს:

ა) ღებინებითი ბულიმია,რომლის დროსაც პაციენტი ხშირად იწვევს  ხელოვნურ პირღებინებას ან მოიხმარს საფაღარათო და შარდმდენ მედიკამენტებს.

ბ)არაღებინებითი ბულიმიის დროს კი პაციენტი მიმართავს გადამეტებულ ფიზიკურ აქტივობას, დიეტებს ან საერთოდ უარს ამბობს საკვებზე და შიმშილობს.

– არაიშვიათად ამ აშლილობით დაავადებული პაციენტები მოგვმართავენ ენდოკრინოლოგებს, სადაც ხდება მათი კვლევა და სწორი კვების ტაქტიკის შერჩევა. თუმცა, რამდენად საკმარისია ამ დროს მხოლოდ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია?  რა როლი აქვს ფსიქოლოგს ამ მიმართულებით?

ბულიმიის მკურნალობა საჭიროებს ენდოკრინოლოგების, ფსიქიატრების და ფსიქოლოგების მულტიდისციპლინარულ ჩართულობას.

ფსიქოლოგების ამოცანაა იმუშაოს პაციენტის აღქმაზე, სოციალური ურთიერთობებისა გაუმჯობესებასა და თვითშეფასების ამაღლებაზე. ამას კი შეგვიძლია მივაღწიოთ  კვების მიმართ დამოკიდებულების შეცვლით, ასევე  კვების, წონისა და გარეგნობისაგან დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების დასწავლით. მოზარდთა მკურნალობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა.

-როგორ ხდება ბულიმიის მკურნალობა? რა სიხშირით უნდა სტუმრობდეს  ბულიმიით დაავადებული პაციენტი კვებით ქცევებზე მომუშავე ფსიქოლოგს?

როგორც აღვნიშნე, ბულიმიის მკურნალობა მულტიდისციპლინური ხასიათისაა. ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ერთობლივი თერაპია ბევრად უფრო ეფექტურია  გარკვეული სახის ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნით, მიუხედავად იმისა აღენიშნება თუ არა პაციენტს დეპრესიული განწყობა.

თუ კი კვებით აშლილობას  თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: პიროვნების აშლილობა, თვითდაზიანებადი ქცევა ან სუიციდური ტენდენციები, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა.

რაც შეეხება ვიზიტების სიხშირეს, თერაპიის დასაწყისი მოიცავს საკმაოდ ინტენსიურ მუშაობას. პირველი ორი-სამი კვირა სასურველია  პაციენტი კვირაში 2-ჯერ მოდიოდეს. შემდეგი 2 თვის მანძილზე, გადავდივართ კვირაში ერთ ვიზიტზე. მერე უფრო ვაიშვიათებთ შეხვედრებს – თვეში ორჯერ, ერთხელ. თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

-როგორი მდგომარეობაა საქართველოში? ხშირად გიწევთ ბულიმიით დაავადებულებთან შეხვედრა?

ჯერ საქართველოზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ერთი თვეც არ არის გასული რაც აქ დავიწყე პაციენტების მიღება და ამ ეტაპზე უფრო მეტი ანორექსიის დიაგნოზის მქონე პაციენტები მყავს ვიდრე ბულიმიით.

-დაბოლოს, როგორც კვებით ქცევებზე მომუშავე ფსიქოლოგი, რას ურჩევდით ბულიმიის მქონე პაციენტებს? არსებობს უნივერსალური „ოქროს წესი“, რომელიც მათ უნდა დაიცვან?

უნივერსალური ოქროს წესი არ არსებობს მაგრამ მე მივცემდი შემდეგ რჩევებს:

  • აწარმოონ კვების დღიურები, სადაც ისინი დაწერდნენ ყველაფერს: მირთმევის დროს როგორი მდგომარეობა და განწყობა აქვთ, აქვთ თუ არა უსაფრთხო ადგილი და გარემო, სადაც ისინი შეძლებენ გამოხატონ თავიანთი გრძნობები, ამ შემთხვევაში კვებასთან დაკავშირებით.
  • შეადგინონ გეგმა თუ როგორ უნდა მართონ გრძნობები, რათა ჩაანაცვლონ „გაწმენდის რიტუალები“. მაგალითად: “თუ მე ვარ გაბრაზებული, მაშინ დავტოვებ იმ ადგილს რომელიც მაღიზიანებს. თუ მე  მეშინია, მე დავფიქრდები თუ რა მაშინებს კონკრეტულად და ამას ჩავწერ ჩემს დღიურში რათა შევძლო ამის გაანალიზება და დამუშავება.“ გაანალიზება მათ დაეხმარებათ ცნობიერების ამაღლებაში, თუ როდის და რატომ აქვთ გამძაფრებული მადა. გეგმა კი მათ        საშუალებას მისცემს  შეიმუშავონ სტრესთან გამკლავების სტრატეგია.
  • მიმართონ ენდოკრინოლოგებს, რათა აიმაღლონ ცნობიერება ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია არასწორი კვების გართულებებზე, როგორიცაა მაგ. ჰორმონალური დისბალანსი, მინერალური ნივთიერებების დეფიციტი, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

ვფიქრობ, დღევანდელი ბლოგის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინეთ, რომ ბულიმიის “მსხვერპლი” თქვენს სამეგობროსა თუ საახლობლოშიც შეიძლება მოიძებნოს,   თუ ეს ასეა , თქვენ უკვე იცით რა ურჩიოთ მათ.

რაც მთავარია და როგორც კვებითმა  ფსიქოლოგმა გვითხრა, ბულიმია განკურნებადია, თუმცა მთავარი მაინც პაციენტის თვითშეფასების ამაღლება და ემოციების მართვა გახლავთ!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

+ 6 = 13