6 მითი ალკოჰოლის შესახებ

მეგობრებო, ვფიქრობ, ალკოჰოლთან დაკავშირებული მითების მსხვრევის დროც დადგა.. რამდენი ხნის წინ, ალკოჰოლის გარშემო ერთ-ერთ საინტერესო გადაცემაში ვისაუბრე და მივხვდი, ამ თემას აქტუალურობა ნამდვილად არ დაჰკარგია, განსაკუთრებით კი მსოფლიო ჩემპიონატის ჟამს.

ცხადია, იმაზე საუბრით, თუ ალკოჰოლურ თრობას რა ზეგავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თავს არ შეგაწყენთ, ეს უკვე ვიცით ერთ-ერთი წინა ბლოგ-პოსტიდან “რა არის ბახუსი“, ამჯერად შევეცდები, დავამსხვიო ალკოჰოლ-ასოცირებული სტერეოტიპები.

მაშ ასე:

1.ერთი კათხა ლუდი ან ერთი ჭიქა ღვინო პრაქტიკულად არ ათრობს…მეტიც, ამ დროს  საჭესთან დაჯდომაც კი შეიძლება.

ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა საყოველთაო სიმართლე, თუ კი ყველას ერთნაირი რაოდენობისა და მოქმედების  ალკოჰოლდეჰიდროგენაზა (ფერმენტი, რომელიც ალკოჰოლის მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას) გვექნებოდა. თუ კი ალკოჰოლური თრობით  ხშირად არ ვართ დაკავებული, მაშინ ჩვენი  ღვიძლი ნამდვილად ვერ ჩაერთვება მის გადამუშავებაში უმალვე, ის სულაც არაა ვალდებული ასე მოიქცეს. სანამ ის გამოიმუშავებს ჩვენ მიერ ნახსენებ ფერმენტს, ეთილის სპირტი შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავიდან და ალკოჰოლის გავლენაც სახეზეა, ამრიგად ეს მათ გონებრივ ფუნქციებზეც იმოქმედებს. ალკოჰოლის უფრო ხშირ მომხმარებლებს კი ცხადია ასეთი მცირე რაოდენობა უკვე ვეღარ დაათრობს, მათ უკვე გაზარდეს მათი თრობის თამასა, თუმცა საჭესთან დაჯდომა შეიძლება თუარა თუნდაც მათთვის , უკვე მათ პატოსნებას მივანდოთ:)

2. თუ კი ალკოჰოლის მიღებამდე მივირთმევთ, შესაძლოა არც კი “დავთვრეთ”

ალკოჰოლს საკვები რომ უშლიდეს ხელს მისი სხვადასხვა გავლენის გამოსავლენად, ვფიქრობ სხვაგვარი დასასრული ექნებოდა ნადიმსა თუ თავშეყრას. საკმაოდ პოპულარულია კარაქის მირთმევის შედეგად “არ-თრობის” თეორია, თუმცა მსგავსი პრინციპის  მიმდევართა უმეტესობამ ალბათ არ იცის, რომ ცხიმი ეთილის სპირტს ვერანაირად ვერ გაანადგურებს. ის მაინც რჩება ორგანიზმში, შესაძლოა მექანიკურად, მცირედ ხელი შეუშალოს კუჭის მიერ ალკოჰოლის შეწოვას, თუმცა საშუალოდ მხოლოდ 40 წუთის მანძილზე. თუ კი თავად გიცდიათ მსგავსი “ტექნიკის” გამოყენება , ალბათ გემახსოვრებათ, რომ თრობა ნელი და თანდათანობითია, ამრიგად შედეგი საბოლოოდ ერთია.  ადრე განვიხილეთ, რომ როგორც სადილის შემდგომ მირთმეულ  ცხელ ჩაის არ აქვს ძალა გააქროს კუჭიდან საკვები და “ჩაიტანოს” ისედაც ჩასატან ნაწლავებში,   ისევე ვერ ააორთქლებს საკვები და ცხიმი ეთილის სპირტს. ეს მხოლოდ რიგითი ილუზიაა.

3. ერთი ჭიქა წითელი ღვინის ყოველდღიური  მირთმევა ერთმნიშვნელოვნად კარგია ჯანმრთელობისთვის.

ცხადია, წითელი ღვინის სიამეებს ვერავინ ვერ უარყოფს,თუმცა მე რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს გახლავთ 1 ჭიქის მირთმევის პრინციპი. დავუშვათ, რომ 1 ჭიქა ღვინოში იგულისხმება 250 მლ სასმელი. ღვინის ეს რაოდენობა კი კალორიულად დაახლოებით 3-4 თეთრი პურის ნაჭრის ტოლფასია. შესაბამისად, თუ კი ყოველდღიურად თუნდაც 1 ჭიქა ღვინოს მივირთმევთ და გვგონია, რომ არაფერს ვაშავებთ, ნუღარც ვიწუწუნებთ იმაზე თუ „საიდან ვიმატებთ“.

 

4. ენერგეტიკულისა და ალკოჰოლური სასმლის ნაზავი უფრო ათრობს.

ცხადია, რომ ამგვარი კომბინაციის ავტორი რომელიმე ენერგეტიკული სასმლის მწარმოებელია. სხვადასხვა გასართობ ადგილას, სწორედ ეს დუეტი გახლავთ ერთ-ერთი  ყველაზე პოპულარული, თუმცა ყველას გვავიწყდება, რომ ტაურინისა და გლუკოზის შემცველი ენერგეტიკული სასმელი იმისთვისაა შექმნილი,  რათა მოგვცეს ტონუსი, შესაბამისად იგი მოქმედებს როგორც სტიმულატორი, ხოლო  არაყი (და ზოგადად ალკოჰოლური სასმელები) კი , როგორც მოგეხსენებათ, დეპრესორული ანუ მომადუნებელი გავლენით გამოირჩევა. მაშ, რა გამოდის?! ჩვენ ორგანიზს ერთდროულად ორ ერთმანეთის გამომრიცხავ ნივთიერებას ვაწვდით. ამრიგად, ეს დუეტი მხოლოდ „ცრუ“ დამათრობელია. თუ კი, ენერგეტიკული სასმელი ხარისხიანია, შესაძლოა თრობის ხარისხი ძალიან მცირეც კი  იყოს.

 

5. ბახუსს ისევ ერთი ულუფა არყით ან ლუდით უნდა ვებრძოლოთ.

ბახუსი, როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში განვიხილეთ, გახლავთ დაგროვილი ვერაგი აცეტილალდეჰიდის შედეგი. აცეტილალდეჰიდი კი ეთილის სპირტიდან ანუ ალკოჰოლიდან მიიღება. შესაბამისად, თუ კი ნაბახუსევს, ისევ ეთილის სპირტს მივიღებთ (არაყს, ლუდს) რად გარდაიქმნება იგი ისევ თუ არა აცეტილალდეჰიდად?! ამგვარი ლოგიკის მიხედვით ბახუსის ალკოჰოლური სასმლით განკურნება აზრს კარგავს. ცხადია, არსებობენ ამ საქმის ექსპერტები, რომლებიც მთელი ძალისხმევით ამტკიცებენ რომ 1 „გადაკვრა“ არაყი არის ხსნა! თუმცა, ამით მხოლოდ დროებით თუ ვატყუებთ ორგანიზმს.  ბახუსის „განკურნებაზე“ ცხადია ვისაუბრეთ, თუმცა შეგახსენებთ ახლაც, რომ უმჯობესია გლუკოზის შემცვლელი სითხეების მიღება. ხოლო მჟავე არის გასანეიტრალებლად ასევე რეკომენდებულია მინერალური სასმლის მირთმევა. ისინი მჟავე არეს თავიანთი ტუტოვანი თვისებებით გაანეიტრალებენ.

6. ბახუსს შველის ცივი შხაპი და ყავა.

ხშირად მსმენია, რომ ამ ხერხითაც ხშირად ცდილობენ ბახუსთან გამკლავებას, თუმცა თქვენ უკვე იცით, რომ ბახუსის დროს სისხლძარღვების სპაზმს აქვს ადგილი, ამრიგად კოფეინი უკვე შევიწროვებულ სისხლძარღვებს კიდევ უფრო შეავიწროვებს, იმავეს გამოავლენს ცივი შხაპი. მაშასადამე, ეს ცრუ და უარესის გამომწვევია ხსნის საშუალებებია.

რამდენიმე დღის წინ, ტაქსის მძღოლი თავგამოდებით მიმტკიცებდა, რომ ყოველდღიურად უზმოდ მირთმეული კონიაკი არის კუჭის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალება, ცხადია მასთან კამათს არ ჰქონდა აზრი,  მას ამ თეორიის ისე მტკიცედ სჯერა, რომ ალბათ სულ მცირე მისთვის სავარაუდოდ ეს თეორია გამართლდება. ზოგადად, ჩემი დაკვირვებით ალკოჰოლთან დაკავშირებულ მითებზე ტაქსით მგზავრობისას ვიგებთ,  ამრიგად სიამოვნებით მოვისმენ ასეთი მითების თქვენეულ ვერსიებსაც, გთხოვთ მომწეროთ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

93 − 90 =