5 მითი წითელას გარშემო

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მრავალი სტატია იწერება სხვადასხვა სამედიცინო თუ არასამედიცინო გვერდებზე.  ცხადია, მეც, როგორც ყველა ექიმი, ვაქცინაციის მომხრე ვარ!

წითელა სასუნთქი გზების მძიმე დაავადებაა, რომელიც გრიპისა არ იყოს, ჰაერ-წვეთოვანი გზით საკმაოდ მარტივად ვრცელდება. წითელას ვირუსით დასნებოვნებამ როგორც ბავშვთა, ისევე ზრდასრულთა ასაკში შესაძლოა მძიმე გართულებები გვიბოძოს. ეს გახლავთ : ფილტვების  ანთება, პანენცეფალიტი და ტვინის დაზიანება, სმენის დაქვეითება/დაკარგვა, რიგ შემთვევაში კი სიკვდილი.

ჩვენგან, ექიმებისგან რაც არ უნდა დიდი მოწოდებები მოისმინონ, მშობელთა გარკვეული რაოდენობა აცრის დიდი მოწინააღმდეგეა.  ერთ-ერთს ასეთ ნაცნობ მშობელს პირადად ვკითხე “რატომ?”-მეთქი და მოდით, არ ვიტყვი, თუ რა მიპასუხა.

მერე, წითელას საწინააღმდეგო აცრის შესახებ რამდენიმე ასეთ მითს წავაწყდი,  რომელიც მინდა, წარმოგიდგინოთ.

        1. წითელას აცრა აუტიზმს იწვევს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მე აღნიშნული აზრი 1-2 ექიმისგანაც კი მომისმენია, შესაბამისად არ უნდა გავიკვირვოთ, რომ ამას პაციენტიც ჯიუტად გაიმეორებს. აშშ-ს ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC)  ეს საკითხი ჯერ კიდევ წლების წინ შეისწავლა და დაბეჯითებით განაცხადა, რომ აცრასა და აუტიზმს შორის არ არსებობს არანაირი კავშირი და კორელაცია. 

      2. წითელას აცრას საშიში გვერდითი მოვლენები აქვს და იგი ხშირად ფატალურად სრულდება.

ისევ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს მოვიშველიებ. აცრის გვერდითი მოვლენები “გაციების” მსგავსს სიმპტომებს ჰგავს, ეს გახლავთ- მცირე სისუსტე, მსუბუქი ცხელება, შეშუპება (ინექციის ადგილას), მსუბუქი გამონაყარი.  იმუნოკომპრომენტირებულ პაციენტებში (პირი, ვისი იმუნიტეტიც დასუსტებულია სხვა მძიმე ქრონიკული ან ინფექციური დაავადების გამო) შეიძლება მივიღოთ უფრო მძიმე გამოვლინებებიც, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. მოდი, ყური ვუგდოთ ექსპერტებს!

      3. აცრის გაკეთებას აჯობებს ბუნებრივ პრევენციულ გზებს მივმართოთ.

ექიმი რომ არ ვიყო, ალბათ დავეთანხმებოდი. შესაძლოა, აცრით გამოწვეულ პანიკას მეც დავეშინებინე და მეკვება ძალიან ჯანსაღად, თბილად ჩამეცვა და ა.შ. რა კარგია, რომ ზუსტად ვიცით მეც და თქვენც-  აცრაა აქ ყველაფრის თავი და  წამყვანი, ხოლო ზემოთჩამოთვლილი გზები კი უბრალოდ მისი აქსესუარებია.

 

      4.  წითელას ბატონები იწვევენ.

იცით რა არის ბატონები? უფროსწორად ვინ? ისინი ანტიკური რელიგიის გადმონაშთს წარმოადგენენ.

ბატონები პატარა, უხილავი ზებუნებრივი არსებები არიან, რომლებსაც უყვართ მოლხენა. ძველად სწამდათ, რომ თუ კი ისინი ოჯახში შენერნარდებდნენ და პატარას ასნებოვნებდნენ, ოჯახის სხვა წევრებს ისინი ცეკვა-თამაშით უნდა გაერთოთ. მაშინ, რას წარმოიდგენდნენ წითელას გამომწვევი არა ეს არსებები, არამედ უფრო აგრესიული  მორბილივირუსია. თუმცა, 2019 წელსაც გამოიძებნება ბატონების თეორიის ერთგული მიმდევრები.

      5.  წითელა მხოლოდ პატარებს ასნებოვნებს.

“-რაღა დროს ჩემი წითელაა?” -ამას წინათ ეს ერთმა ზრდასრულმა პაციენტმა განაცხადა, რომელსაც ზუსტად არ ახსოვდა ჰქონდა თუ არა გადატანილი წითელა. რა კარგია, რომ ეს გავიგე და ვაცნობე, რომ   წითელათი დასნებოვნებას ასაკი არ აქვს!  იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გვეწვიოს …

გადავავლე თვალი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავრცელებულ იმავე მითებს, აღმოჩნდა, რომ ჩვენ შორის დიდი განსხვავება სულაც არაა, ხომ იცით არასწორი და მარტივად დასაჯერებელი აზრების გავრცელებაზე სწრაფი არაფერია.

ბავშვობაში ავად გავხვდი, გამოვიძახეთ სამი სხვადასხვა პედიატრი, პირველმა გამომიტანა დიაგნოზი-წითელა, მეორემ – არა, არა ამ ბავშვს ცალსახად წითურა აქვსო, მესამემ კი გვითხრა, ეს  წითელას მსგავსი წითურააო. ამიტომ რომ არ ჩამეტარებინა სპეცილური სეროლოგიური სინჯი, დღესაც არ მეცოდინებოდა, რომელი “ბატონი” მეწვია მაშინ. ასეთი სეროლოგიური სინჯი თქვენც შეგიძლიათ აიღოთ.

გთხოვთ, გააზიროთ.

წარმატებულ დღეს გისურვებთ! 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

− 3 = 6